კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა 1948 წლის 9 სექტემბერს ჩამოყალიბდა მას მერე, რაც კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით რესპუბლიკა კორეა დაარსდა. პოლიტიკური ძალაუფლება კორეის შრომითმა პარტიამ ჩაიგდო ხელში და მას მერე არც გაუშვია. თავადვე აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობას, ეკონომიკას და ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია. .ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში რადიოხარვეზებს იყენებენ იმისთვის, რომ რესპუბლიკის მცხოვრებნი ''დაიცვან'' საზღვარგარეთული სადგურების ''არასასურველი'' გადაცემების მოსმენისგან, ასევე თავისუფალი ჩრდილოკორეული რადიოსგან, რომლის საშუალებითაც მსმენელს ქვეყნის დატოვების ინსტრუქციებსა და სხვა არანაციონალისტური ხასიათის ინფორმაციას აცნობენ.
ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების მუშაკებს. დანარჩენი მცხოვრებლებისთვის მისაწვდომია ნაციონალური კომპიუტერული ქსელი, ინტრანეტი ''კვანმიონი'' . ამ ქსელის შევსებაზე ჩრდილოეთ კორეის კომპიუტერული ინფორმაციის ცენტრი აგებს პასუხს. ის ტვირთავს ინტერნეტიდან იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალურ მასალებს, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მსგავსს, და ''კვანმიონში'' ათავსებს.
ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ 2009 წელს მოხსნეს აკრძალვა მობილური ტელეფონების გამოყენებაზე. დღეს ფხენიანის მცხოვრებლებს შეუძლიათ მობილურის ყიდვა და ''კორიოლინკის'' ქსელში ჩართვა, თუმცა მობილური კავშირის ძირითადი მომხმარებლები სახელმწიფო მოსამსახურეები, ბიზნესმენები და უცხოელები არიან. დანარჩენებს კი უბრალოდ, არ აქვთ საშუალება, მობილური შეიძინონ და ქსელში ჩასართველად 100 ევრო გადაიხადონ.
ტურიზმს ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ სახელმწიფო კომპანია აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეის ყველა სტუმარი ქვეყნის შიგნით გადაადგილდება გამცილებლის, ე.წ. გიდის თანხლებით, რომელიც, როგორც წესი, ტურისტის მშობლიურ ენაზე საუბრობს. ძირითადად ტურისტები ჩადიან ჩინეთიდან, იაპონიიდან და რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეის სტუმრობა მათთვის არც ისე ძნელი, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სამხრეთეთ კორეის მოქალაქეებისთვის კი ჩრდილოეთ კორეის ვიზის მიღება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურ ტურისტულ ზონებში შესვლის ნებართვის მიღება. გიდი განსაზღვრავს, თუ რა და როგორ უნდა ნახოს ტურისტმა. აკრძალულია ფოტოგადაღება. .ქალაქის ქუჩები ისეა მოწყობილი და ტური ისეა დაგეგმილი, რომ ვერავინ დაინახოს ის, რაც სინამდვილეში ხდება ჩრდილოეთ კორეაში. შელამაზებული ფასადები და უშველებელი, გიგანტური ძეგლები თუ პლაკატები (ძირითადად, კორეის ბელადთა გამოსახულებით) საგულდაგულოდ მალავს მოშიმშილე და უკიდურესად გაღატაკებულ რიგით კორეელებს. დიდი სურვილის მიუხედავად, შემთხვევით გზად გადაყრილ კორეელთან გასაუბრებაც სრულიად გამორიცხულია - რასაკვირველია, უმეტესობამ შესანიშნავად იცის ინგლისური ენა, რადგან ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანაა.
მაგრამ რიგით კორეელებს აკრძალული აქვთ უცხოელ ტურისტებთან გამოლაპარაკება. ვინც აკრძალვას უგულებელყოფს, ციხეში მოხვდება.
ფხენიანის პარკებში ხშირად შეიძლება საშოვარზე გამოსული ხანდაზმული ქალების დანახვა, რომლებიც პოლიეთილენის პარკებში აგროვებენ რაღაც ბალახეულობას. ტურისტს, რომელსაც ამის შესახებ შეკითხვა გაუჩნდება, გიდი ასე პასუხობს: ''ბალახს აგროვებენ კურდღლებისთვის'' , თუმცა სრულიად აშკარაა, რომ მხოლოდ იმ ბალახეულს არჩევენ, რომლებიც ''კურდღლების პატრონებისთვის'' გამოდგება საკვებად.
ჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები შიმშილობის ზღვარზეა, რაც ქვეყანაში პროდუქტის განაწილების არასწორ სისტემას უკავშირდება. არსებობს მიდგომა: ''საკვები, უპირველესად, სამხედროებს'' . გაეროს მოხსენების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბავშვების 60% არასაკმარისად იკვებება, 16% კი შიმშილობს.
ფხენიანიდან ჩრდილოეთ კორეის სხვა რეგიონებში ადამიანები ჩვეულებრივ მატარებლით მოგზაურობენ, თუმცა იმის გამო, რომ რკინიგზა ტექნიკური თვალსაზრისით, გაუმართავია, მაგალითად, ფხენიანიდან 200 კილომეტრამდე დაშორების ქალაქ კესონში მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ქალაქის ქუჩებში იშვიათად დაინახავთ ავტომანქანას. ავტომანქანის ყიდვა და მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, არც საწვავი იშოვება ადვილად, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა დადის ფეხით, მატარებლით, ავტობუსით ან ველოსიპედით, თუმცა ქალებს ველოსიპედით სიარული ეკრძალებათ.

მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალაქიდან ქალაქში. ერთი ადგილიდან სხვა ადგილას გასამგზავრებლად მივლინების ტიპის საბუთი უნდა გააფორმონ. საამისოდ ყველა ცენტრალურ გზაზე სპეციალური უწყების თანამშრომლები დგანან.
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა აზიაში და ერთ-ერთი მსოფლიოში, სადაც კანაფის მოყვანა და მარიხუანის მოწევა ლეგალურია, თუმცა ეს არ ეხებათ ტურისტებს.
წყარო :http://www.reitingi.ge/uckhoethi/934-chrdiloeth-korea-idumali-da-chaketili-samyaro.html
No comments:
Post a Comment