January 23, 2014

ჩრდილოეთ კორეა ფასადს მიღმა



რა ხდება ამ ჩაკეტილი საზოგადოების შიგნით? ტიმ სალივანისა და დევიდ გუტენფელდერის მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში არის ერთგვარი მცდელობა, როგორმე დაგვანახონ ამ ტოტალიტარული ქვეყნის ნამდვილი სახე.
სტატია ქალაქ კესონის მახლობლად, მთის ფერდობზე მდებარე ბუდისტური კომპლექსის, რიონტონის ტაძრის გაცნობით იწყება. საუკუნეების წინ კესონი კორეის სატახტო ქალაქი იყო, რიონტონი კი - ხალხმრავალი რელიგიური ცენტრი. ახლა კი ამ ცარიელ ტაძარში ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ორიოდე ბერი დინჯად დააბიჯებს. ეს ტოტალიტარული სახელმწიფოს სიყალბის ტაძარი უფროა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის რელიგიური თავისუფლების სიმბოლო.
ჩრდილოეთ კორეაში სიმართლის მიკვლევა არც ისე მარტივია. ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველდღიური ყოფის რეალურ სურათს მყარად ნაგები ფასადი ფარავს. სტუმრები მხოლოდ რამდენიმე იდეალურად დაგებულ გზასა და იმ ოჯახის (მამის, ვაჟისა და ახლა უკვე შვილიშვილის) ძეგლებს ხედავენ, რომელიც 65 წელია ჩრდილოეთ კორეის ცხოვრებას წარმართავს.
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა, რა თქმა უნდა, შეუპოვრად მუშაობს წარმოაჩინოს ისეთი ქვეყანა, სადაც სკოლები სავსეა ბედნიერი, კარგად გამოკვებილი ბავშვებით, მაღაზიები - საქონლით, ხოლო კიმების ოჯახის მიმართ ერთგულება საყოველთაოა. ხალხმა იცის, რომ რეპორტიორებს დაზეპირებული, ჰიპერბოლებით დატვირთული ფრაზებით უნდა ესაუბროს და ხოტბა შეასხას საკუთარ ლიდერს.
„პატივცემული გენერლის, კიმ ჩენ ინის გულმოწყალებით ჩვენნაირ ხალხსაც შეუძლია აქ მოსვლა და გოლფის თამაში“,
- ამბობს ქვეყნის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის სოფლიდან ჩამოსული 51 წლის დიასახლისი კიმ ჩენ ჰიმი. ავტორი მას ფხენიანში გახსნილ მინი-გოლფის მოედანზე შეხვდა.
ძნელია გაარკვიო, ნანახიდან რაა სიმართლე და რა არა.
ჩრდილოეთ კორეაში მუშაობისას იშვიათად, მაგრამ მაინც ეძლევათ იმის საშუალება, რომ კიმების ოჯახის ძალისხმევით იზოლირებულ სამყაროში შეიხედონ და ერთობ ბუნდოვანი ფრაგმენტებისგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ შეაკოწიწონ იმ ქვეყნის სურათი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ ვერაფერი გაუგო.  
სიმართლის ნაგლეჯებს შემთხვევით უფრო გადააწყდები. ასე მოხდა მაშინ, როცა ავტობუსმა ფხენიანის იდეალურად მოვლილი ქუჩიდან შემთხვევით მტვრიან გზაზე გადაუხვია და სრულიად ჩაბნელებული შენობების უბანი გამოჩნდა. აქ მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრებიდან შიშველი ნათურების სუსტი, ყვითელი შუქი ბჟუტავდა. ქალაქი შეიძლება მთლიანადაც ჩაბნელდეს, მაგრამ კიმ ირ სენისა და მისი ვაჟის, კიმ ჩენ ირის პორტრეტები გარიჟრაჟზეც კი განათებულია.
ამ სტატიის ავტორი ტიმ სალივანი შეგახედებთ ჩრდილოეთ კორეის იზოლირებულ სამყაროში, რომელსაც დევიდ გუტენფელდერის საოცარი ფოტოებით აღიქვამთ.

No comments:

Post a Comment