„ჩუჩხე“ მარქსიზმის კიმერსენული ვარიანტია. კორეულ ენაში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთნაირად ითარგმნება: „ადამიანი - დედამიწის ბატონია“.
1972 წლის კონსტიტუციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სუვერენული, სოციალისტური რესპუბლიკაა, რომელიც „ჩუჩხეს“ იდეებით ხელმძღვანელობს. ამ იდეების შესაბამისად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია, ქვეყნის შიდა საკითხები საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს, ყოველგვარი გარე ძალების გარეშე.
„ჩუჩხე“ მიზნად ი
სახავს სოციალიზმის შენებას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და ქადაგებს ბელადიზმს. „ჩუჩხეს“ იდეების თანახმად, ისჯება დიდი ქვეყნების წინაშე ქედის მოხრა (ნებისმიერი ფორმით). გარკვეულწილად, ეს იდეოლოგია ანტიგლობალიზმის და იზოლაციონიზმის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს, რომელიც ისტორიის მთავარ სუბიექტად ცნობს ერს და არა კლასებსა და ფენებს.
დღეს ამ „მოძრაობას“ კიმ ერ სენის შვილი კიმ ჩენ ინი უდგას სათავეში. თუმცა, მამისაგან და ბაბუისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ინს დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება ჩრდილოკორეელების საკუთარ ქვეყანაში გამოსამწყვდევად. არადა, კიმ ერ სენის დროს, როდესაც ქვეყანა ტოტალურ ნეხვში იძირებოდა, ჩრდილო კორეელები სამხრეთში მირბოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1950-53 წლებში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში ემიგრანტთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.
მიგრაციის შესაჩერებლად კიმ ერ სენმა ახალი კანონი შემოიღო, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა და შესაბამისად ყველა, ვინც გაქცევას შეძლებდა, ქვეყნის მოღალატედ ცხადდებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. საზღვარზე გადასული „მოღალატეების“ დასჯას კიმ ერ სენის მთავრობა ვერ ახერხებდა, ამიტომაც შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც იმ ადამიანების ნათესავები იყვნენ გამომწყვდეული, რომლებიც სახელმწიფომ მოღალატედ გამოაცხადა. ეს იყო საჩვენებელი სასჯელი - თუ წინააღმდეგობას გამიწევ, ქვეყანას დატოვებ, თუ ჩემს სიმართლეს არ აღიარებ, შენთან ერთად შენი ახლობლებიც დაისჯებიან. ეს ექსპერიმენტი საბოლოოდ ადამიანების შიდა პატიმრობის ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად ჩამოყალიბდა.
კორეაში დღესაც ფუნქციონირებს კიმ ერ სენის მიერ დაარსებული საკონცენტრაციო ბანაკები. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც 14 საკონცენტრაციო ბანაკია დასახელებული. ეს ის ბანაკებია, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება შეძლეს. მაგრამ რეალურად ჩრდილოეთ კორეაში გაცილებით მეტი საკონცენტრაციო ბანაკია. მათი ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა, ასე თუ ისე, მათზე რაღაც ინფორმაცია მაინც არსებობს - ინტერნეტით შესაძლებელია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშების მოძიება, რომლებშიც ეს ბანაკებია ნახსენები. ერთადერთი ბანაკი, რომელზეც არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, არის.
„ზონა 22“. ის თითქმის თბილისის ზომის ტერიტორიაზეა გაშლილი და იქ დაახლოებით 100 ათასი პატიმარი იხდის „სასჯელს“.
„ზონა 22“ მსოფლიოში არსებული საკონცენტრაციო ბანაკებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე გასაიდუმლოებულია. ის უფრო ქალაქია, ვიდრე ბანაკი. იქ ათიათასობით ჩრდილოკორეელი სრულ იზოლაციაში მხოლოდ აღსასრულს ელის, რადგან მათ არასოდეს გაათავისუფლებენ.
„ზონა 22“-ში „სასჯელს იხდიან“ ქვეყნის მოღალატეების ნათესავები, სახელმწიფოსთვის სახიფათო იდეოლოგიის პროპაგანდისტები და უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც უმტკივნეულო პროტესტი გამოთქვეს ჩრდილო კორეაში არსებულ სოციალურ ვითარებასთან დაკავშირებით.
ამ ბანაკში იქმნება ოჯახები და იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან ადამიანები. ეს არის ტერიტორია, რომლის ფოტოც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმაც კი ვერ მოიპოვა და რომლის ვიზუალური გამოსახულებაც თითქმის არავის უნახავს, იქ მომუშავე პერსონალის გარდა. არსებობს მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც მარტო მისი მასშტაბების ნახვაა შესაძლებელი.
„ზონა 22“-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, მცველი, რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კორეაში გადაიპარა. როდესაც NGC-მ ჩრდილოეთ კორეაზე დოკუმენტური ფილმის - Inside North Korea - გადაღება დაიწყო, ერთერთი მთავარი გმირი სწორედ ეს დარაჯი იყო. ის ჰყვება, რომ იქ ყოველდღე კვდება ხალხი და კლავენ ადამიანებს. სიკვდილის მიზეზი ძალიან ბევრია - შიმშილი, ავადმყოფობა, შიში... მკვლელობები ძირითადად იმის გამო ხდება, რომ „პატიმრები“ საჭმელს ვერ იყოფენ, ამის გამო ზონაში დიდი ხმაური ატყდება ხოლმე, ხმაურს კი უკვე ჭკუიდან გადასული დარაჯები ვეღარ იტანენ და სიმშვიდის დაბრუნებას პატიმრების ლიკვიდირებით ახერხებენ. ემიგრანტი კორეელი ერთ კონკრეტულ ამბავსაც იხსენებს, ორი მშიერი ბავშვი ერთმანეთს მკვდარი ვირთხის გამო დაერია, მცველებმა კი, იმის გამო, რომ მათი ხმის გაგონება არ უნდოდათ, ორივე მოკლეს.
ამგვარ ამბებს ჩრდილოეთ კორეაში ვერ მოისმენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაგიჯდება და გულს გადაგიშლის, მოგიყვება ყველაფერ იმას, რაც სმენია და უნახავს. ჩრდილოეთ კორეაზე რეალურ ამბებს მხოლოდ მათგან მოისმენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ქვეყანა და ემიგრაციაში არიან. თუმცა, თუ ჩრდილოეთ კორეაში მოხვდები, გამორიცხულია, შენი თვალით ერთი ფაქტი მაინც არ ნახო, თუ როგორ ექცევიან ადამიანებს, როგორ ირღვევა მათი უფლებები.
2002 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ MGM-ს სასამართლოში უჩივლა. საქმე იმაშია, რომ ფილმი „Die Another Day“-ის გარკვეული სცენები ჩრდილო კორეის ცხოვრებას ასახავს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კორეელი მიწათმოქმედები მიწას ხარებზე ჩაბმული გუთნით ამუშავებენ. ჩრდილო კორეელებმა ეს შეურაცხყოფად და დამცირებად მიიღეს და ამიტომაც უჩივლეს MGM-ს. რეალურად კი ფილმში ზუსტად ის იყო ასახული, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება. ქვეყანაში მოგზაურობის დროს ძალიან ბევრჯერ ვნახე გუთანჩაბმული ხარები; ქალები, რომლებიც სარეცხს და ჭურჭელს მდინარეზე რეცხავენ; ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს მაისურში გახვეული ჭინჭებით თამაშობენ; დაწესებულებები, სადაც ჯერ კიდევ 50-იანი წლების საბჭოთა წარმოების დისკოიანი ტელეფონები უდგათ; არ ვიცი, საქმე - „ჩრდილოეთ კორეა MGM-ის წინააღმდეგ“ - წარმოებაში რომ ჩაშვებულიყო, რა საფუძველზე აპირებდა კორეული მხარე პროცესის მოგებას, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა ისე ღრმადაა ჩარჩენილი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, რომ საუკეთესო დროის მანქანითაც კი ვერ მოახერხებდი ასე ზუსტად ამ დროში მოხვედრას. ჩრდილო კორეის რეგრესის მთავარი მიზეზი არის „ჩუჩხეს“ იდეოლოგია, რამაც საბოლოოდ დაასამარა მათი განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პირველი პირები არ შეცვლიან პოლიტიკას, თუმცა ჩრდილოკორეელი ხალხი არ თვლის, რომ ის განუვითარებელია. მათი აზრით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ყვავის (!)
90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობის შედეგად თითქმის მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კომუნისტური პარტიის ლიდერები კი მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ისინი დაისაჯნენ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ კორეელი ხალხის წინაშე ჩაიდინეს. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არავინ იცოდა, თუ რა იყო ეს დანაშაული. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც შიმშილით დაიხოცნენ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ასე იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ კორეელი ხალხის აზრით, როგორც წესი, ჩრდილოკორეელი დროზე ადრე უსამართლოდ არ კვდება. რა თქმა უნდა, სასაცილოა და დაუჯერებელი, თითქმის მილიონი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა შიმშილით, რომ ისინი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ უფრო სასაცილო ის არის, რომ ეს თავად კორეელმა ხალხმა დაიჯერა. ჩემი გიდიც კი, რომელიც შედარებით გონებაგახსნილი და ცოტა ეშმაკი მეგონა და რომელზეც ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ეგუება ასეთ ყოფას, თორემ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება-მეთქი, უზღვავი ზიზღით ლაპარაკობდა „სამართლიანად გარდაცვლილ“ ადამიანებზე და ამბობდა, რომ ისინი ასეთი სიკვდილის ღირსები იყვნენ.
38 ე პარალელი |
ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა უნიკალური ფენომენია. ეს არის ნაცია, რომელიც თავისუფლად შეიძლება, ერთ დღეში დააყენო დემოკრატიის და განვითარების გზაზე. ამისათვის კიმ ჩენ ირის კეთილი ნება და მხოლოდ ერთი მოწოდებაა საჭირო. ეს არის ერი, რომელიც ბრმად იღებს ყველაფერს, რასაც მას კომუნისტური პარტია და კონკრეტულად კიმ ჩენ ირი აწვდის. საკმარისია, ერთ მშვენიერ დღესაც გაიღვიძოს კიმ ჩენ ირმა და ხალხს უთხრას, გუშინ მამაჩემი, დიდი ბელადი, გენერალი კიმ ერ სენი გამომეცხადა და მითხრა, ხვალიდან თქვენ ყველანი მკერავები უნდა გახდეთო, საათი არ გავა და მთელი ჩრდილოეთ კორეა ნემსსა და ძაფს აიღებს ხელში. ეს არის ერი, რომელსაც კიმ ერ სენმა და კიმ ჩენ ირმა წარმოსახვის და აზროვნების საშუალება წაართვეს.
კიმ ჩენ ირიც, კორეელი ერის არ იყოს, უნიკალური ფენომენია. რამდენიმე წლის წინ ფხენიანში რაღაც სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმამდე კიმ ჩენ ირმა კორეელ ხალხს სიტყვით მიმართა, შეახსენა, რომ ისინი ყველაზე განვითარებული და ძლიერი ქვეყნის შვილები არიან და რომ ყველაფერი უცხოური, განსაკუთრებით ამერიკული, ეშმაკისეულია. გამოსვლის ბოლოს კი ოფიციალური ტექსტიდან გადაუხვია და შემთხვევით ფრენკ სინატრას სახელი წამოსცდა, მომწონს ეგ მომღერალი, ხშირად ვუსმენ ხოლმეო. რა თქმა უნდა, კორეელი ხალხის დიდი ნაწილი ვერ მიხვდა, ვინ არის სინატრა, თუმცა რამდენიმე დღეში, კიმ ჩენ ირის დირექტივით, კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო სინატრას სიმღერების ხალხში გავრცელება, რასაც ბოლოს მოსდევდა ტექსტი, რომელშიც სინატრა ბოროტებასთან იყო შედარებული. ამ ფაქტს ახსნა ვერაფრით მოვუძებნე. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იყო პრევენციული ზომები, რომ კიმ ჩენ ირის „შეცდომის“ წყალობით ქვეყანაში სინატრას მსმენელები არ გაჩენილიყვნენ. ხალხმა ესეც ზუსტად ისე მიიღო, როგორც კიმ ჩენ ირმა გათვალა. სხვათა შორის, კიმ ჩენ ირს ჰყავს ძვირფასი მანქანები, იმ ქვეყნის წარმოების, რომელიც კორეელებს თავად შეაძულა; უყვარს ამერიკული ფილმები და ამ ფილმების უმდიდრესი კოლექცია აქვს. ამ პარადოქსს ჩემი გიდი და, ალბათ, კორეელი ხალხიც, ასეთნაირად ხსნის: კიმ ჩენ ირი სწავლობს ამერიკელებს, უცხოელ მტრებს, იმპერიალისტებს, რომ შემდეგ ჩვენ, კორეელ ხალხს გვითხრას, როგორ დავიცვათ თავი მათგან.
წყარო : ცხელი შოკოლადი სანდრო ნავერიანი
მძიმე თემაა :(
ReplyDelete