2007 წელს იორდანიაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ტურისტული ვიზით და, რა თქმა უნდა, მკაცრად გაწერილი ტურისტული გრაფიკით. ჩვენს გადაადგილებაზე პალესტინელი სალიმი ზრუნავდა, თავისი მინიბუსით. სალიმი ნამდვილი არაბი იყო - ნაღდი, ხასიათით და ყველაფრით, მხიარული და კომუნიკაბელური. საინტერესო მოსაუბრე იყო და ამიტომაც, როცა ჩვენი ჯგუფი ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის ისტორიას ადგილობრივი გიდისგან ისმენდა, მე მანქანაში ვბრუნდებოდი და სალიმი არაბული სამყაროს ამბებს მიყვებოდა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გამიმხილა, რომ იორდანიაში ყოველი მეორე ადამიანი აგენტია და საკმარისია, რამე წამოგცდეს, იმ წამს აგიყვანენ. როცა სალიმმა ეს ამბავი გამიმხილა, მანქანაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით. ამიტომაც ჩავთვალე, რომ სალიმი აგენტი იყო და არაფერი აღარ მიკითხავს. მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გამეგო: შიდა აგენტურა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იორდანიამ გამოიყენა და ყველაზე მეტი აგენტიც ამ სამეფოს ჰყავს. მართალია, ამბავი დაუზუსტებელი იყო, მაგრამ მე მაინც ასე მეგონა. მეგონა იქამდე, სანამ ერთ დღეს, ფხენიანის სასტუმროში რამდენიმე სამხედრო პირი არ მომადგა და კატეგორიულად მომთხოვა, ის წინდები მიმეცა მათთვის, რომელზეც ამერიკის დროშა იყო ამოქარგული.
იმ ღამეს ვერაფრით მივხვდი, საიდან იცოდა ჩემი წინდების შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვამ თუ უშიშროებამ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ტურისტულ მარშრუტს ზედმიწევნით მივდევდი, დავიხარე, ჩაჩაჩული წინდის ამოსაჩაჩად და როდესაც წამოვდექი, დავინახე, თუ როგორ მიყურებდა რამდენიმე ჩრდილოკორეული თვალი და როგორ აკვირდებოდა ჩემს ყველა მოძრაობას.
ის, თუ როგორ და რატომ მოვხვდი ჩრდილოეთ კორეაში, ამ, ჩემი აზრით, საინტერესო ამბის ყველაზე უინტერესო ნაწილია. ამიტომაც პრელუდიების მოყოლას აღარ შევუდგები, პირდაპირ ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენიდან დავიწყებ.
ჩემი ფიზიონომიისა და ნივთების დეტალური შესწავლის შემდეგ მობილური ჩამომართვეს და მის ნაცვლად ბრინჯის ქაღალდზე დაწერილი ქვითარი მომცეს - უკან გამომგზავრების წინ მობილური ამ ქვითრის წყალობით უნდა დამებრუნებინა. დარწმუნებული ვიყავი, კონფისკატებს შორის ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერაც მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. გამიხარდა.
მობილურის კონფისკაცია დიდად არ მწყენია - იქ არავითარი როუმინგი არ მოქმედებს; არავის ხელში მობილური არ მინახავს. თუმცა, როგორც შემდეგ შევიტყვე, ფიჭური ქსელი არსებობს, ოღონდ მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება და მას მხოლოდ მაღალჩინოსნები იყენებენ.
აეროპორტის ბიუროკრატიული პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც ტურისტს, გიდი მომამაგრეს, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სურვილი არ მქონია, გიდი ამეყვანა. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩემი სურვილით ვერაფერს გავაკეთებდი - ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მათ უნდოდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა - ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული, ახლობლებს ვერაფრით ვაჯერებდი, რომ მართლა ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი, ვერაფრით ვამტკიცებდი, არც ერთი ნივთი, ფოტო, სუვენირი... არაფერი იქედან არ წამომიღია, გარდა შოკისა.
შოკის აკიდება კი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან ადვილია, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი შოკისმომგვრელია: ანტიამერიკული ბილბორდები, ცარიელი ქუჩები, დაუმთავრებელი შენობები, უზარმაზარი ძეგლები, უამრავი სამხედრო მოსამსახურე და, უბრალოდ, ადამიანები... ეს ქვეყანა ჯერ კიდევ პოსტკორეული ომის პერიოდშია ჩარჩენილი, რომელიც 1953 წელს დასრულდა. ხელისუფლებისგან გამუდმებით ისმის განგაში, რომ მათ სანაპიროებს ამერიკული ავიამზიდები მიადგნენ, ან სამხრეთ კორეელები ფხენიანზე თავდასხმას აპირებენ...
ასეთი განგაში წლების განმავლობაში გამუდმებით ისმის, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ხელისუფლების შიშები სიმართლე აღმოჩნდეს. ეს უფრო ანტიამერიკული, უფრო სწორად, ანტიიმპერიალისტური პროპაგანდაა. ჩრდილო კორეელები დღემდე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობას ერთადერთი მტერი ჰყავს - იმპერიალისტი და დამპყრობელი ამერიკა.
ჩემი გიდი ძალიან ცუდად ლაპარაკობდა რუსულად, ამიტომაც არც მიცდია, მისთვის რაიმე ისეთი კითხვა დამესვა, რომელზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ძირითადად, ღირსშესანიშნაობების შესახებ ვეკითხებოდი, ეს როდის? რატომ? როგორ? და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლოს გავარკვიე, რომ რუსული ძალიან კარგად ესმოდა, მაგრამ ლაპარაკი ნამდვილად უჭირდა. მიუხედავად ამისა, როდესაც დიდი კიმ ერ სენის გიგანტურ ძეგლს ფოტო ჩაკუზულმა გადავუღე, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა - შენ ხვალ დატოვებ ქვეყანას. არადა, ჩემს „საგზურს“ სამ დღეში გასდიოდა ვადა. როცა დავინტერესდი, რატომ-მეთქი, მიპასუხა: იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის, გენერალი კიმ ერ სენის წინაშე ჩაიკუზოსო. მშვენივრად ჩამომირაკრაკა რუსულად.
ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მე და ჩემი გიდი კიმსუსანის მავზოლეუმში წავედით. კიმსუსანის მავზოლეუმში კიმ ერ სენის მუმია განისვენებს, რომელსაც ყოველდღე ათასობით კორეელი აკითხავს და მუხლმოდრეკილი მადლობას სწირავს ბელადს იმისთვის, რომ არსებობს. გმადლობ, რომ არსებობ - რაღაც ამდაგვარი. მავზოლეუმის წინ ასობით კორეელი მიდი-მოდიოდა. ზოგი ბელადთან შედიოდა, ზოგსაც უკვე მოენახულებინა და უკან ბრუნდებოდა. უცებ რაღაც კორეული ხმაური გაისმა, რასაც ბავშვის ტირილი მოჰყვა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვს მავზოლეუმში შესვლაზე უარი უთქვამს. უარი რა, მშობლებს უთხრა, არ მინდა შესვლაო, მშობლებმა კი ბავშვი ძალოვან სტრუქტურებს ჩააბარეს და დაამატეს, ასე და ასეო. იმ ბავშვს კი რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანდნენ, სადაც გარკვეული დროის მარტო გატარება მოუწევდა, შემდეგ კი ნახავდნენ, ფსიქოლოგები შეამოწმებდნენ, ისევ იმ აზრზე არის თუ არა და ამის შემდეგ გადაწყდებოდა მისი მომავალი.
ამ ბიჭის მომავალზე კი ძალიან ბევრი ადამიანის მომავალი იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის სამი ფენა არსებობს: „ძირითადი“, „მერყევი“ და „მტრული“. „მერყევთა“ რიცხვს ის ფენა განეკუთვნება, რომელთა არც წინაპრები და არც შთამომავლები არასოდეს ყოფილან სახელმწიფო ღალატში მხილებული. „ძირითად“ ფენას კომუნისტური პარტიის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები და მათი ნათესავები წარმოადგენენ, ხოლო „მტრულ“ ფენას - კომუნისტური პარტიიდან გარიცხული პირები და მათი ნათესავები და კიდევ ადამიანები, რომელთა ნებისმიერი შორეული ნათესავიც კი მხილებული იყო სახელმწიფო ღალატში. იმ პატარა ბიჭის მშობლებმა სამართალდამცავებს იმიტომ მიმართეს, რომ ხაზგასმით განეცხადებინათ და დაემტკიცებინათ, არასოდეს გაგვიწევია წინააღმდეგობა და წარმოდგენაც კი არა გვაქვს, ჩვენს შვილს რა დაემართაო. და თუ ამ ბიჭს რამე ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები აღმოუჩინეს, მაშინ მასაც დაიჭერენ, მის მშობლებსაც და ყველას, ვინც კი მათთან ახლობლობს. ერთი სიტყვით, რეზო გაბრიაძის არ იყოს, ტრიფონსაც კი დაიჭერენ.
ეს ამბავი, ამბავი კი არა მიზეზი, თუ რატომ ჩააბარეს ბავშვი მშობლებმა სამართალდამცავებს, ჩემმა გიდმა სიამაყით მიამბო. ყველაზე მეტად კი მაშინ აენთო, როცა ხაზს უსვამდა, მშობლებმა თავად ჩააბარეს ბავშვი სამართალდამცავებსო. მთლიანობაში კი ისედაც ამაყობდა, რადგან ეს სასჯელი დიდი ბელადის უპატივცემულობას მოყვა და შესაბამისად, სადაც ბელადის მიმართ უპატივცემულობა ჩნდება, იქ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ვინმე.
მავზოლეუმში შესვლა აღარც მინდოდა, თან ყოველთვის მეშინოდა მკვდრების - არც ლენინის ნახვა მოვისურვე მოსკოვში ყოფნის დროს და ვიფიქრე, რაღა კიმ ერ სენს გავახეთქინო გული-მეთქი, მაგრამ არც ის ბავშვი მავიწყდებოდა, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ იმის გამო უკრავენ თავს, რომ მავზოლეუმში შესვლა არ მოინდომა. ამ ჩემს გიდსაც რომ ვუყურებდი, ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა, უარი მეთქვა დიდი ბელადის მონახულებაზე, რომ მერე შარი მოედო. ვეღარ გავრისკე და შევედით.
თუ არ იცი, რა მიზეზით შედიხარ კიმსუსანში, ძნელია მიხვდე, საერთოდ სად ხარ, რადგან კიმ ერ სენის მავზოლეუმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე და მსუბუქი ტექნიკის მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე ვიღაცის აკლდამას. მგონი იქ ყველაფერია წარმოდგენილი, რასაც კი კიმ ერ სენი ოდესმე შეხებია, მისი პირადი მატარებლით დაწყებული, კორეის ომში ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავით დამთავრებული. განსაკუთრებული სიამაყით ჩემი გიდი განადგურებული ამერიკული სამხედრო ტექნიკის პრეზენტაციას აკეთებდა. დაწვრილებით მიყვებოდა, თუ რა იარაღით, როგორ, როდის და ვინ ჩამოაგდო ბომბდამშენი, ვინ ააფეთქა ტანკი... ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით კიმ ერ სენს, რომლის ირგვლივაც ათეულობით კორეელი მუხლზე იჩოქებდა და, ალბათ, მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აწ განსვენებული კიმ ერ სენი არც სიცოცხლეში წარმოადგენდა რამე ფასეულობას, აზრადაც არ მომსვლია, მისთვის ქედი მომეხარა, მაგრამ ჩემმა გიდმა მითხრა, არავის აქვს უფლება, დიდი ბელადის წინაშე ქედი არ მოიხაროსო. ხოდა, ჩავუჯექი მეც კიმ ერ სენს - სხვა რა გზა მქონდა! თუმცა, ეს რიტუალი ისეთი მონდომებით ჩავატარე, მგონი მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ის „კიდევ“ არსებობს. არ ვიცოდი, რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი ასე მუხლმოდრეკილი, ჩემს გიდს ველოდი, რომელიც ჩემს გვერდზე ლოცულობდა დიდი ბელადის სულის საცხონებლად. მე კი „იმერულ ესკიზებში“ მივიწყებული ჭირისუფალივით ვიყავი, რომელიც წამოსაყენებლად ახალგაზრდა თანმხლებ პირს ელოდება და ის კიდევ არ მოდის. ერთი ეგ იყო, კიმ ერ სენის წინაშე ვაი-ვიში არ ამიტეხავს. როგორც იქნა, გამოვედით და როცა ყველაფერი კარგად გავიაზრე, მივხვდი, რომ ამ მავზოლეუმში ერთადერთი ცოცხალი არსება კიმ ერ სენი იყო, ჩვენ ყველანი კი ზომბები, რომლებიც კიმ ერ სენისგან სიცოცხლის შთაბერვას ველოდით.
გახსოვთ, ალბათ, ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი გიდი ქვეყნიდან გაძევებას დროზე ადრე დამპირდა-მეთქი. იმავე დღეს, ექსკურსიის მსვლელობის დროს, ჩემს გიდს ძმისშვილი შეხვდა; პატარა ბიჭი, რომელსაც ხელში ცალხაზიანი რვეული ეჭირა. ბიძამ და ძმისშვილმა ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ბიძამ სინანულით გაიქნია თავი. აღმოჩნდა, რომ ბიჭს ფანქარი უნდოდა სახატავად. არც ისეა საქმე, კორეაში ფანქარი არ იშოვებოდეს, მაგრამ იმ წუთას ჩემს გარდა არავის აღმოაჩნდა, თანაც ფანქარი კი არა, წითელი მარკერი დავაძრე და ბიჭს მივეცი. გამიცინა და გაიქცა. გიდმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ბიჭი უკვე კარგა მოშორებით გაქცეულიყო. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ ჩემთვის მარკერი დაებრუნებინა. ძმისშვილთან ვერაფერს რომ ვერ გახდა, გადმომხედა და იძულებულმა ჩაიღიმა. დღის ბოლოს კი გამომიცხადა, რომ მე კარგად მოვიქეცი და ამიტომაც საჭირო სტრუქტურებს ჩემს შეცდომაზე არაფერს ეტყოდა. შეცდომაში კი კიმ ერ სენის ძეგლის ჩაკუზულ პოზაში გადაღება იგულისხმებოდა. მოკლედ, ასე თუ ისე, უნებურად გამომივიდა, რომ ჩემი გიდი მოვქრთამე. ადრე, კიმ ერ სენის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, შეუძლებელი იყო ჩრდილოკორეელის მოქრთამვა.
წამოსვლის წინა დღეს ნომერში სასტუმროს უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მომადგა. ალბათ, წინდები უნდა დამიბრუნონ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ასე არ მოხდა - ჩემი კომპიუტერი და ფოტოკამერა წაიღეს. დარწმუნებული ვიყავი ინფორმაციას (ფოტოებს) წაშლიდნენ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ რამეს დამიტოვებდნენ.
არ ვიცი, ვიაზროვნებდი და ვიცხოვრებდი თუ არა ნებისმიერი კორეელივით, მთელი ცხოვრება დიქტატურაში რომ გამეტარებინა; დავიჯერებდი თუ არა სხვის „სიმართლეს“ და გახდებოდა თუ არა ის ჩემი „სიმართლეც“; ჩემი ხელით გადავცემდი თუ არა ჩემს შვილს სამართლადამცავებს და სამუდამო პატიმრობისთვის გავწირავდი... მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი რამ - მე არ მინდა ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება და თუნდაც კიდევ ერთხელ იქ ჩასვლა.
ზუსტად ასე ვუთხარი ჩემს გიდს ფხენიანიდან გამოფრენის წინ. მან კი ზიზღით ჩაიცინა და მითხრა - შენ აქ რომ ვეღარასდროს ჩამოხვალ, შენი ჩამოსვლის მეორე დღესვე გადაწყვეტილი იყოო. ეს მითხრა და ჩემი ფოტოკამერა და კომპიუტერი დამიბრუნა. ყველა ფოტო წაშლილი იყო.
წყარო სანდრო ნავერიანი ზონა 22